Tuesday, November 15, 2022

ისტორიის კონკურსი ,,30 წელი საბჭოეთიდან"

 კონკურსში გამარჯვებული ესე


https://historycompetitions.ge/2021/09/23/ისტორიის-კონკურსი-სკოლის-მოსწავლეთათვის-2021-2022-30-წელი-საბჭოეთის-დასასრულიდან.html - კონკურსის ბმული.

 

ტოტალიტარული ,,სიმართლე’’ - ჩერნობილის ტრაგედია.

           ტოტალიტარიზმი-არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმია, ეს არის ქვეყნის მთავრობის ჩარევა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ დროს სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული პიროვნებასა და საზოგადოებაზე და არ ცნობს მათ თავისუფლებას. იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ გამოიგონა ტერმინი ტოტალიტარიო 1920-იანი წლების დასაწყისში იტალიის ახალი ფაშისტური სახელმწიფოს დასახასიათებლად. ტოტალიტარული სახელმწიფოების მმართველები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, რათა დაემორჩილებინათ მოქალაქეები და გაენადგურებინათ ოპოზიცია. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ტოტალიტარიზმი გახდა აბსოლუტური და მჩაგვრელი ერთპარტიული ხელისუფლების სინონიმი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იმ მწარე რეალობაში უწევდათ ცხოვრება ჩვენს წინაპრებს. ტოტალიტარული სახელმწიფოს ნათელი მაგალითი იყო საბჭოთა კავშირი.

          იოსებ ჯუღაშვილმა, ლენინის მემკვიდრემ,  მკვეთრად შეცვალა საბჭოთა კავშირის მთავრობა. სტალინის  მიზანი იყო შემდეგი, მას სურდა რომ საბჭოთა კავშირი ყოფილიყო მოწინავე ქვეყნებს შორის ყველა დარგში, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკურად. მან გამოსავალი ნახა სრულ ტოტალიტარიზმში.  სტალინი მუშაობდა საბჭოთა კავშირში ცხოვრების ყველა ასპექტში სრული კონტროლის დამყარებაზე . ის აკონტროლებდა მთავრობას, ეკონომიკას და მოქალაქეთა პირად ცხოვრებას. მას შემდეგ რაც სტალინმა ქვეყნის სადავეები ჩაიგდო ხელთ, დაიწყო ,,რეფორმები“. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ,,რეფორმა“ იყო საგანმანათლებლო, რომლის მიხედვითაც იმდროინდელი ახალგაზრდობა უნდა აღზრდილიყო მარქსისტული და კომუნისტური პრინციპებით, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის მომავალს. ტოტალიტარიზმი მოიცავდა ქვეყნის მოსახლეობის სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას და  სიმართლის დამალვას. ამის ნათელი მაგალითია ჩერნობილის ტრაგედიის ჯერ დამალვა, ხოლო შემდეგ აბსურდული ინფორმაციების გავრცელება ამ კატასტროფაზე.

         ჯანსუღ ღვინჯილია „ქართველი კაცის სინამდვილეში“  წერს: „სხვასაც უთქვამს და მეც მეძალება სათქმელი: მარქსიზმ-ლენინიზმზე დამყარებული სოციალიზმი იყო ღმერთისა და ღმერთის მიერ შექმნილი ყოველგვარი ბუნებრივი წესის წინააღმდეგ მიმართული სისტემა. ის იყო ცრუ თავისი არსით და გზის გასაკაფად, ბუნებრივია, მხოლოდ სიცრუე ჭირდებოდა: ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში.

         ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში სიცრუე!

         ახასიათებდა სამყაროს გაჩენას - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა საგანთა ბუნებაზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა ფორმაციათა პროცესზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა კაპიტალიზმზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა სოციალიზმზე - ხომ ცრუობდა და ცრუობდა!

         ლაპარაკობდა ხალხზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა პიროვნებაზე- ცრუობდა!

         ლაპარაკობდა რევოლუციაზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა ბურჟუაზიაზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა გლეხზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა მუშაზე - ცრუობდა!

         ლაპარაკობდა კომუნიზმზე  -  ცრუობდა!

ლაპარაკობდა ხუთწლიანი გეგმის შესრულებაზე - ცრუობდა!

ლაპარაკობდა „საბჭოთა ადამიანების“ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე   

 ცრუობდა!

არასდროს არ გვაწვდიდა ზუსტ ცნობას.

რამდენი ქარხანა აშენდა - არ ვიცით წესიერად.

როგორი ხარისხით აშენდა - ვიცით! აქებდა - შესანიშნავია!

პროდუქტი - არ ვარგა - საუკეთესოაო, განადიდებდა!

ხალხს შიოდა - მაძღარიაო!

ხალხს არ ეცვა და არ ეხურა - თავზე საყრელად აქვს ყველაფერიო!

ხალხი სიდუხჭირეში ცხოვრობდა - ცხოვრება საამურიაო!

ხალხი სიკვდილის მუქარით შეჰყავდათ კოლექტივში - სიხარულით და ნებით

შემოდისო.

         შეჰყავდა და შეჰყავდა სიცრუის მორფი ვენაში სისტემას.

        „საბჭოთა ხალხი“ სიცრუის ნარკომანია.

         ასე ჩამოვყარეთ ათასობით გერმანული თვითმფრინავი ძირს. ასე დავამარცხეთ სასტიკად გერმანიის ფაშიზმი. გერმანიას დაეღუპა ხუთ მილიონზე ცოტა მეტი კაცი, ჩვენ გაგვინადგურეს 20 მილიონი კაცი.

        სიცრუით გავიმარჯვეთ, ხალხის, ტექნიკის, სიმდიდრისა და რესურსების გამომეტებით, უანგარიშო შეწირვით. “ --  ჯანსუღ ღვინჯილიას ეს მონოლოგი ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს ტოტალიტარული სიცრუის მანქანის მუშაობას.

        ახლა კი მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში ჩერნობილში და რა ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას არსებულმა რეჟიმმა.  

         ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 130 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს, ბელარუსთან საზღვრის სამხრეთით. შედგება 1970-1980-იან წლებში დაპროექტებული ოთხი რეაქტორისგან. იქვეა დაახლოებით 22 კვადრატული კილომეტრის ზომის ხელოვნური რეზერვუარი, რომელსაც მდინარე პრიპიატი ავსებდა და რეაქტორს გაგრილებისთვის საჭირო წყლით ამარაგებდა. ჩერნობილის სადგური იყენებდა ოთხ საბჭოთა ატომურ რეაქტორ RBMK-1000-ს — დიზაინს, რომელიც ამჟამად საყოველთაოდ აღიარებულია არსებითი ხარვეზების მქონედ. აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ოპერატორები ელექტროსისტემის შემოწმებას გეგმავდნენ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკონტროლო სისტემები გამორთეს და ამით უსაფრთხოების რეგულაციები დაარღვიეს. ამან კი გამოიწვია რეაქტორის სახიფათოდ არასტაბილური და დაბალი ენერგიის დონე. ბირთვული ენერგიის სააგენტოს  მონაცემებით, მე-4 რეაქტორი წინა დღით გათიშეს, რათა ენერგიის პოტენციური გათიშვის შემთხვევაში უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური შემოწმება ჩაეტარებინათ. ჭარბი ორთქლი გამაგრილებელი წყლის შემცირებამ წარმოქმნა, რის გამოც, ორთქლი გამაგრილებელ მილებში შევიდა — გაჩნდა რეაქტიულობის დადებითი კოეფიციენტი, რამაც გამოიწვია ენერგიის უზარმაზარი მატება, რაც ოპერატორებმა ვერ გათიშეს. საბჭოთა კავშირი პირველი დღეები მალავდა ამ კატასტროფას, რაც მათი პირველი და უდიდესი შეცდომა იყო. ამით მათ ხელი შეუშალეს სწრაფ რეაგირებას, რამაც ნარჩენების სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ამ დროისთვის  საბჭოთა კავშირის მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა.

          ჩვენ გავეცანით გაზეთ ,,კომუნისტის“ იმდროინდელ 1986 წლის 4, 14, 17, 19,  24 მაისის გამოშვებებს -- ,,დახმარების მისამართია ჩერნობილი“, ,,ჩერნობილი: ვაჟკაცობისა და ერთობის გაკვეთილი“, ,,ბირთვული საუკუნის რეალიები გავავლებს“, ,,საკადრისი პასუხი გავცეთ ანტისაბჭოთა კამპანიას“, ,,ჩერნობილის გმირები“, სადაც ჩერნობილის ტრაგედია მოცემულია როგორც მცირე და უმნიშვნელო ავარია. საუბარია სახელმწიფოს მხრიდან გადადგულ ქმედით ნაბიჯებზე და სწრაფ რეაგირებაზე და გაკრიტიკებულია უცხოური მედია, რომელიც, გაზეთ ,,კომუნისტის“ თქმით, სსრკ-ს მიმართ ანტისოციალისტურ კამპანიას ეწეოდა.

          ასევე, საბჭოთა პრესა აქვეყნებდა თითქოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოქმულ შეშფოთების წერილებს, სადაც ამ ქვეყნის ლიდერები გმობდნენ ანტისაბჭოურ პროპაგანდას. მაგალითად, 1986 წ. 4 მაისის  ნომერში დაიბეჭდა სტატია ,,საკადრისი პასუხი გავცეთ ანტისაბჭოთა კამპანიას“, სადაც თითქოს პროგრესული პრესა გმობდა დასავლეთის ღვარძლიან პროპაგანდისტულ აურზაურს. მათი თქმით, მხარდაჭერის წერილებს იღებდნენ პრაღიდან, დელიდან, უაგადუგუდან: ,,პროპაგანდისტულ აურზაურს, რომელსაც დასავლეთში აღვივებენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით  -- ნათქვამია დელიდან გამოგზავნილ წერილში -- იყენებენ საბჭოთა კავშირზე უხეში თავდასხმებისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციისთვის. ასეთი დასკვნა გამოაქვს ინდოეთის პრესას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ავარიის რაიონში შექმნილი ვითარების შესახებ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ მონაჩმახს. სსრ კავშირის წინააღმდეგ  მიმართული მტრული კამპანიის მიზანია სინამდვილეში დაფაროს რეალური საფრთხე, რომელსაც მსოფლიოს უქმნის კოსმოსის მილიტარიზაციისა და გამალებული შეიარაღების ახალი რაუნდის ვაშინგტონისეული გეგმები, ხაზგასმით აღნიშნავს ყოველ კვირეული ,,ნიუ ეიჯი“. მომახდარი ავარია საბაბი გახდა სსრ კავშირის მიმართ ,,ფსიქოლოგიური ომის“ გააქტიურების, წერს გაზეთი ,,ნიუ უეივი“. iგი აღნიშნავს, რომ მარტო 1979 წელს აშშ-ს ატომურ ელექტროსადგურებში მოხდა 2300-ზე მეტი სხვადასხვა ავარია, დაზიანება და სხვა ინციდენტები. საზოგადოებრიობას უმალავენ, რომ პენტაგონი მსოფლიო ოკეანეს იყენებს ბირთვული ნარჩენების ,,სანაგვედ“ და ა.შ.“

        იქვე  ნომერში დაბეჭდილი იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის მ. ს. გორბაჩოვის პასუხი არგენტინის, ინდოეთის, ტანზანიის, შვეიცარიის, მექსიკის, საბერძნეთის ლიდერთა წერილზე, რომელშიც გორბაჩოვი მადლობას უხდის  აღნიშნული ქვეყნებს სიცრუის ,,მხილებისთვის“, მიმართულს სსრკ-სადმი. აგრეთვე, საუბრობს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვაზე, რომელსაც თითქოს აშშ არ ეთანხმება.

          აღნიშნულ ნომრებში ფაქტები გადმოცემულია მსუბუქად და ყურადღება მახვილდება ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს მტრულ დამოკიდებულებაზე საბჭოეთისადმი.

        მსგავსი სიცრუის ტურაჟირება ხდებოდა ტელევიზიითაც.   სსრკ-ს  პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, რომელიც გადაიცა ტელევიზიით 1986 წლის 14 მაისს გადაცემაში ,,ვრემია“, საუბრობს ჩერნობილის ტრაგედიაზე და ცდილობას ამ ფაქტის მნიშვნელობის შემსუბუქებას. აი, ასე გამოიყურება მიხეილ გორბაჩოვის ,,სიმართლე“: ,,ჩვენს ქვეყანას რამდენიმე კვირის წინ თავს დაატყდა უბედურება -- ჩერნობილში ატომური სადგურის აფეთქება. ეს მტკივნეულად შეეხო საბჭოთა მოსახლეობას და შეაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება... საბჭოთა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩერნობილში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დროულად იქნა მობილიზებული სამაშველო ჯგუფები და მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია სიცოცხლისთვის საშიში ზონებიდან. მიუხედავად მიღებული ზომებისა, მაინც ვერ ავირიდეთ უბედურება თავიდან. ავარიის მომენტში გარდაიცვალა ორი ადამიანი, ხოლო 299 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად...

         თუმცა შეუძლებელია ყურადღების მიღმა დავტოვოთ საერთაშორისო გამოხმაურება ჩერნობილის ტრაგედიისადმი, თუ როგორ გააშუქეს მედია საშუალებებმა მომხდარი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ნატოს და აშშ-ს მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციები. მათ წამოიწყეს ანტისაბჭოთა კამპანია. რაზე არ წერდნენ ისინი ამ ხნის განმავლობაში --ათასობით დაღუპულზე, ჩერნობილში დაღუპულთა ძმათა სასაფლაოზე, იმაზე, რომ თურმე მთელი უკრაინა მოწამლულია და ა.შ. მოკლედ, ჩვენ შევეჯახეთ მასიურ ცრუ და უსინდისო პროპაგანდას მომართულს ჩვენკენ. უსიამოვნოა მათზე საუბარი, მაგრამ საჭიროა. საჭიროა გაიგოს ყველამ მათი ცრუ კამპანიის  და ჩვენი თავგანწირული ქმედებების შესახებ. ამ ინფორმაციის ავტორებს არ აინტერესებდათ არც ნამდვილი ისტორია ავარიის შესახებ, არც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, არც ჩერნობილში მცხოვრები ადამიანების ბედი, არამედ ეძებდნენ საბაბს, როგორ გაეცამტვერებინათ საბჭოთა კავშირის ავტორიტეტი მსოფლიო საზოგადოების წინაშე.“

        გაზეთი ,,კომუნისტი“  და სხვა  საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ხალხი აგზავნიდა წერილებს, სადაც მათ სურდათ წასულიყვნენ ჩერნობილში ადგილობრივების დასახმარებლად. თუმცა, ვფიქრობთ მათი უმრავლესობა ვერც აცნობიერებდა თუ რა საფრთხე ელოდათ იქ, ხოლო ვინც აცნობიერებდა მათ აიძულებდნენ წასვლას. მთავრობას ხალხი მიჰყავდა უმძიმეს პირობებში სამუშაოდ და მათგან უარი არ მიიღებოდა, რადგან მათ შეფარვით ემუქრებოდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩავწერეთ ინტერვიუ, ჩერნობილის ირგვლივ მოქმედი დამხმარე სამუშაოების ერთ-ერთ მონაწილესთან და ამავე დროს ჩვენი ჯგუფის წევრის მამასთან, ელგუჯა ჯანაშიასთან.

 

ინტერვიუ ელგუჯა ჯანაშიასთან.

        ბატონი ელგუჯა მაშინ იყო 23 წლის და სწავლობდა ლვოვის სატყეო ინსტიტუტში, ხე-ტყის დამუშავების ფაკულტეტზე. ჩერნობილის კატასტროფიდან 2 კვირის თავზე ინსტიტუტიდან შეიქმნა 120 კაციანი ჯგუფი. ჩავიდნენ 50 კილომეტრის დაშორებით შემთხვევის ადგილიდან, მიტოვებულ სოფელში. სადაც მათ ევალებოდათ აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები დაზარელებული ხალხისთვის. მაგრამ ეს ტერიტორიაც მაღალი რადიაციის გამო იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ბატონი ელგუჯა გვიყვება, რომ  იქ ჩასვლისთანავე თვალში მოხვდა, 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო დიდი მცენარეები, რისი გამომწვევი მიზეზი იყო მაღალი რადიაცია. ამავე დროს მცენარეებთან ერთად თევზებსაც ეტყობოდათ რადიაციის კვალი, და დაახლოებით თითო თევზი 3-4 კილოგრამს იწონიდა. რათქმაუნდა, ეს საკვები პროდუქტები უვარგისი იყო ადამიანისთვის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ჩუმად ჰყიდდა მათ კიევის ბაზარზე. როგორც ელგუჯა ჯანაშია გვიყვება, მათ ევალებოდათ სახლების აშენება. დღისით გაუსაძლის სიცხეში, ხოლო ყოველ ღამე წვიმაში. სამშენებლო მასალა რომელიც ჩამოტანილი იყო სასომხეთიდან უმეტესწილად იყო უსარგებლო, 60 ვაგონი აგურიდან გამოსადეგარი იყო მხოლოდ 6 მანქანა. აქ ჩანს საბჭოთა კავშირის არაკომპეტენტურობის დონე. იქ მყოფი მუშახელისთვის საკვები და წყალი ტყვიის კონტეინერებით ჩაჰქონდათ. მათი გასართობი მხოლოდ წიგნები იყო. ორი თვის განმავლობაში გართობის მიზნით მხოლოდ ერთხელ ჩატარდა ერთ საათიანი კონცერტი. მათი ანაზღაურება  ორი თვის განავლობაში იყო 400 მანეთი, რაც ბევრად ნაკლებია მუშების ანაზღაურებაზე, რომლებიც მხოლოდ ერთი კვირით იყვნენ, მაგრამ ერთი დონით ახლოს კატასტროფის ეპიცენტრთან. მიხეილ გორბაჩოვის დებულების მიხედვით ჩერნობილში მყოფ სტუდენტებს უნდა ესარგებლათ გარკვეული შეღავათებით, როგორიც არის ავტობუსით უფასოდ მგზავრობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეს გაუქმდა.

 

ინტერვიუ გია ჯალაღონიასთან.

        ჩვენ მასწავლებელთან, გია ჯალაღონიასთან  გასაუბრებისას, მან მოგვიყვა ჩერნობილის ერთ-ერთ გმირზე, მამამისზე, გივი ჯალაღონიაზე, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა ამ კატასტროფის ეპიცენტრში. იგი იძულებით წაიყვანეს ჩერნობილში და შვილს , რომელიც იმ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და სავალდებულო ჯარის ვადას იხდიდა, შეფარვით ემუქრებოდნენ.

          ის გვიყვება, რომ იმდენად მაღალი რადიაციის დონე იყო, მათ დღეში მხოლოდ 4 წუთს ამუშავებდნენ. მათ ევალებოდათ გახურებულ გრაფიტზე ქვიშის დაყრა, იმ დროინდელი მეცნიერებისთვის ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ოდნავ მაინც შეემცირებინათ რადიაციის გავრცელება, მაგრამ მათ ვერ გათვალეს გრაფიტის სიმხურვალე, რომელმაც ქვიშა დაადნო, და ეს გრაფიტი უფრო საშიში გახადა. ბატონი გია იხსენებს, რომ მამამისის ყველა ჯგუფის წევრი გამელოტდა ან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, მათ შორის ბატონი გიას მამასაც.

         წლების შემდეგ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიის დროს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დაწერს: ,,1986 წ. 26 აპრილს, უკრაინაში მოხდა ჩერნობილის კატასტროფა -- ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურის აფეთქება, რომელიც ბევრად აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური ბომბის აფეთქების სიძლიერეს. ამან გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ მსოფლიოზე -- აღმოჩნდა, რომ დედამიწა ისე პატარაა, დიდი კატასტროფები და ტრაგედიები არ ეტევა ერთი ქვეყნის ფარგლებში, მაგრამ ჩერნობილის ინციდენტი მხოლოდ იმით კი არ იყო ტრაგიკული და ნიშანდობლივი, რომ უდიდესი ავარია მოხდა, რომ მოიწამლა მიწა, ჰაერი და დაიღუპა და კიდევ იღუპება ათასობით ადამიანი, არამედ იმითაც,  რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამ ამ უბედურების მიჩქმალვა მოისურვა. დიახ, იდეოლოგიური  დოგმების გამო გაიწირა ათიათასობით ადამიანი, ქვეყნის გენოფონდი -- ყველამ დაინახა, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანი სრულიად დაუცველია.

         მთელი კვირის განმავლობაში არსად არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ სპეციალისტები იგზავნებოდნენ ადგილზე. ენერგეტიკის მინისტრი, ატომური ელსადგურის პროექტის ავტორი და როგორც უნდა გაგიკვირდეთ -- ბავშვები სპორტულ შეჯიბრებებზე, ქალაქ გომელში, რადიოაქტიური ეფექტის მიმწვდომ ფარგლებში. ხომ უნდა დაერწმუნებინათ მსოფლიო -- არაფერიც არ მომხდარაო.

        მეორე თუ მესამე დღეს მოსკოვში პარტიის ცეკაში საგანგებო კომისიის თათბირი შედგა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ამჯერად, ჩემს მოადგილეს, ცნობილ დიპლომატს ანატოლი კოვალიოვს ვუხმე. ვკითხე,  ასეთ თათბირზე ჩემს ადგილზე რას იზამდი-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ თათბირზე უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი -- გახმაურებულიყო ეს ამბავი თუ არა. როგორც გავიგე, თურმე არ უნდა გახმაურებულიყო.

         კოვალიოვმა ერთი რამ მითხრა გულახდილად და გადჭრით: როგორიც უნდა იყოს სიტუაცია, თქვენ უნდა მოითხოვოთ, რომ ინფორმაცია სასწრაფოდ გამოქვეყნდესო. ეს სავსებით დაემთხვა ჩემს შეხედულებას, მაგრამ თათბირზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ რვიდან მხოლოდ ორნი მოვითხოვდით ინფორმაციის გამოქვეყნებას. მაშინ ითქვა სწორედ --  კატასტროფული არაფერი ხდება, ყველაფერი ჩაცხრება და მსოფლიო მასშტაბით აურზაურის ატეხა არ გვჭირდებაო. ეს პოზიცია პოლიტბიუროზე განხილვამდე ერთი დღით ადრე დაფიქსირდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი პოლიტბიუროს უნდა მიეღო.

          პოლიტბიუროს სხდომაზე გორბაჩოვმა ჯერ ენერგეტიკის მინისტრს ჰკითხა აზრი. მან განაცხადა: ,,საგანგაშო არაფერია, არის პატარა მასშტაბის ჩვეულებრივი ავარია, რომელიც მხოლოდ ერთ ბლოკში მოხდა. მე დღეს მივდივარ ჩერნობილში და იმ მილში ძირამდე თავად ჩავძვრები, იმდენად უსაფრთხოა იგი.“

          მალე უცხოეთში  ძალზედ დიდი ხმაური ატყდა. გაჩუმება აღარ შეიძლებოდა და გორბაჩოვმაც გასცა განკარგულება ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ.

           რატომ არ ვიყავი უფრო პრინციპული?  -- პრობლემას არ ვიცნობდი. ატომური სადგური ნანახიც არ მქონდა და მინისტრის, კომპეტენტური კაცის აზრს ჩეთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა“.

           მოკლედ, საბჭოთა კავშირი, ამა თუ იმ მიზეზით, მალავდა მომხდარს -- სრულ ინფორმაციას ძალიან ძუნწად ან საერთოდ არ იძლეოდა. დრო იყო ასეთი. საზოგადოება სახელმწიფოს ცოდვებს, შეცდომებს და დანაშაულს ჯერ კიდევ მალავდა. დამალვისა და მიჩქმალვის პრაქტიკა ხშირად უგუნურ ხასიათს იღებდა. მაგალითად, ნახევარმა მსოფლიომ იცოდა, რომ სვერდლოვსკის ოლქში აწარმოებდნენ მასობრივი განადგურების იარაღს, საბჭოთა ხალხმა კი არ იცოდა.

         ჩერნობილში მომხდარმა ტრაგედიამ დაანახა ყველას, რომ უპირველესად ყალბი დოგმები უნდა დაენგრიათ -- სიმართლე ბევრად მომგებიანი იყო.  ჩვეული ბევრი ტყუილი, რეალობის ჩვეული მიჩქმალვა, მსოფლიოსაგან ჩვეული გამიჯვნა აღარ შეიძლებოდა -- გადარჩენის ერთადერთი გზა მხოლოდ სიმართლისა და პატიოსნების გზა იყო.

            ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, საბჭოთა კავშირის და ტოტალიტარიზმის მნიშვნელობა თანხვედრაშია. საბჭოთა კავშირი იყენებდა ყველანაირ მეთოდს თავისი ხალხის ინფორმაციულ ვაკუუმში მოსაქცევად, მათ შორის გაზეთ ,,კომუნისტს“, რომლითაც ავრცელებდნენ თავიანთთვის საჭირო ცრუ ინფორმაციებს. რადიოთი მხოლოდ შესაძლებელი იყო რუსული არხების დაჭერა, ამით ხალხის მანიპულირება ხდებოდა. მიხეილ გორბაჩოვს და იმდროინდელ მთავრობას არ ადარდებდათ თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა. რაც ნათლად ჩანს ჩვენს ესეში.

წყაროები:

ინტერვიუ  ელგუჯა ჯანაშიასთან.

 ინტერვიუ გია ჯალაღონიასთან.

გაზეთი ,,კომუნისტის“ 1986 წლის მაისის გამოცემები.

საბჭოთა საინფორმაციო გადაცემა ,,ვრემია“ – 1986 წ. 14 მაისის გამოშვება.

ჯანსუღ ღვინჯილია -- „ქართველი კაცის სინამდვილე“.

ედუარდ შევარდნაძე -- ,,ფიქრი წარსულსა და მომავალზე - მემუარები“.

http://mastsavlebeli.ge/?p=18284 - პიროვნება ტოტალიტარულ სახელმწიფოში

http://dictionary.css.ge/content/totalitarianism - ტოტალიტარიზმი

https://intermedia.ge/ -  ჩერნობილის ტრაგედია, რომელმაც შეძრა მსოფლიო


წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები:

ელისაბედ სახოკია

სანდრო ლომაია

ირაკლი ჯანაშია

ისტორიის პედაგოგი: ნათია დავითაია






No comments:

Post a Comment